Loading data...
ტუსკი: უკრაინის კაპიტულაცია პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის პირდაპირი საფრთხეა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპის მხარდაჭერის არარსებობის გამო უკრაინის კოლაფსი პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის პირდაპირი საფრთხე იქნება.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტუსკმა აღნიშნა, რომ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება საუკეთესო გამოსავალია. 

„დღევანდელ სიტუაციაში უკრაინის მხარდაჭერა, ანუ არსებითად უკრაინის დაცვა კაპიტულაციის აუცილებლობისგან, ასევე არის მცდელობა, რომ რუსეთს ჩვენზე სტრატეგიული უპირატესობა არ მიეცეს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

„მოკლედ რომ ვთქვათ, პოლონეთის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ არასწორი გადაწყვეტილებების, ან გადაწყვეტილებების არარსებობის შედეგად, მაგალითად, ევროპის მხრიდან, უკრაინა იძულებული გახდება, კაპიტულაციაზე წავიდეს“, - დასძინა მან.

ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ „უკრაინის დამოუკიდებლობა პოლონეთის საზღვრებიდან აგრესიის, ან ომის რისკს აშორებს, ამ ომის შედეგად უკრაინის დაცემა კი პოლონეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს“.