Loading data...
ტუსკი: უკრაინას უფლება აქვს, ევროპის ნებისმიერ წერტილში რუსეთთან დაკავშირებულ სამიზნეებს დაარტყას

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, რუსეთთან ომი კიდევ ორი-სამი წლის განმავლობაში გააგრძელოს, თუმცა შიშობს, რომ კონფლიქტი შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. გარდა ამისა, მისი თქმით, კიევი შეშფოთებულია იმით, თუ რამდენ ხანს გაუძლებს ქვეყანა ომს, როგორც ადამიანური დანაკარგების, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით.

„ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ახლა მთავარი კითხვა ის არის, თუ რამდენი მსხვერპლი იქნება. [უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ] ზელენსკიმ მითხრა, რომ იმედოვნებს, რომ ომი ათი წლის მანძილზე არ გაგრძელდება, მაგრამ უკრაინა მზადაა, კიდევ ორი, ​​ან სამი წელი იბრძოლოს“, - განაცხადა მან The Times-თან ინტერვიუში.

ამასთან, ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინას უფლება აქვს, ევროპის ნებისმიერ წერტილში რუსეთთან დაკავშირებულ სამიზნეებს დაარტყას. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ვარშავის სასამართლომ უარყო გერმანიის მოთხოვნა უკრაინელი მყვინთავის ექსტრადიციის შესახებ, რომელიც ბრალდებულია 2022 წელს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენების აფეთქებაში.

ტუსკმა აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომი ანგრევს რუსეთის ეკონომიკას, რომელსაც, მისი თქმით, „გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩენის შანსი არ აქვს“ და ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების ფონზე „დრამატული“ პრობლემების წინაშე დგას.

„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინისთვის გაყინულ რუსულ აქტივებზე წვდომის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შობამდე იქნება მიღებული.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა მოკავშირეებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ იმოქმედონ“: „ჩვენ რუსული ფული უნდა მოვიპოვოთ. ახლა, როდესაც სანქციები ძალაში შედის, დროა, გავზარდოთ ეკონომიკური ზეწოლა, რათა პუტინს მოლაპარაკებებისკენ ვუბიძგოთ“.

თუმცა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, შიდა არასტაბილურობა პუტინს მხოლოდ უფრო აგრესიულს გახდის და ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად „მდგრადი“ იქნება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახალი მკაცრი მიდგომა მოსკოვის მიმართ.

„რუსები ღრმა ეკონომიკური კრიზისის შუაგულში არიან. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიმარჯვებთ? საერთოდ არა. მათ დასავლეთთან, განსაკუთრებით ევროპასთან, შედარებით, ერთი მთავარი უპირატესობა აქვთ: ისინი მზად არიან, იბრძოლონ. ომში კი ეს გადამწყვეტი ფაქტორია. ვერ გაიმარჯვებ, თუ ბრძოლისთვის, ან სულ მცირე რამის გასაწირად მზად არ ხარ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.