Loading data...
ტუსკი: პუტინს აქვს ინსტრუმენტები, რათა გაანადგუროს ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია და კულტურული ფენომენი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ დასავლეთისთვის გამოცხადებული ომი ევროპულ საზოგადოებებშიც მიმდინარეობს და რომ რუსეთის მმართველს ევროკავშირის განადგურების ინსტრუმენტები აქვს. ამის შესახებ მან Gazeta Wyborcza-თან ინტერვიუში განაცხადა,

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომი, რომელსაც რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს, გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე არც ისე დიდი ხნის წინ იყო.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არაერთხელ მივმართე. სულ რამდენიმე წლის წინ მათთან დაკავშირება ძალიან რთული იყო. საბედნიეროდ, ახლა ისინი ხვდებიან, რომ ჩვენი შეფასება, რომ რუსეთი, გარკვეულწილად, მთელ დასავლეთს ებრძვის, ზუსტი იყო“, - აღნიშნა ტუსკმა.

„ასეთ სიტუაციებში [უნგრეთის პრემიერ-მინისტრი] ვიქტორ ორბანი მაშინვე იწყებს ყვირილს, რომ ტუსკს ომი სურს, მაგრამ ეს ომი უკვე მიმდინარეობს“, - განმარტა მან.

მისივე თქმით, პოლონეთში ეს გამოიხატება ცეცხლის წაკიდებით, დრონების თავდასხმებით, ბელარუსთან საზღვარზე არსებული სიტუაციით, სადაც მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავთ და სულ უფრო აგრესიული კიბერშეტევებით. კერძოდ, ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთის ციფრულ სისტემებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები დივერსიის ნიშნებს ატარებს.

„და ასეთი შემთხვევები სულ უფრო და უფრო გახშირდება მთელ ევროპაში. რადგან პუტინის მიერ დასავლეთისთვის გამოცხადებული ომი ჩვენს საზოგადოებებშიც მიმდინარეობს. და აქ ეს ყველაზე სანახაობრივი გზით ხდება. პუტინს აქვს ინსტრუმენტები, რათა გაანადგუროს ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, ასევე, ევროპა, როგორც კულტურული ფენომენი“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ეს ინსტრუმენტები რუსული მეხუთე კოლონაა, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაშია წარმოდგენილი.