Loading data...
ტუსკი: პუტინისა და ზელენსკის მალე შეხვედრის შანსი მცირეა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ეჭვი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

როგორც პოლონეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპა მზადაა, იმოქმედოს - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მზადაა, დაელოდოს რუსეთის ნაბიჯს. თუმცა, ტუსკის შეფასებით, „ზელენსკისა და პუტინის მალე  შეხვედრის შანსები მცირეა“.

„ამჟამად ევროპა ოპტიმისტურად არის განწყობილი. მეორე მხრივ, ჩვენ გაცილებით ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ქცევის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოალიციის პარტნიორები რუსეთის ტაქტიკის შესახებ ინფორმირებულები არიან.

„ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას და ომის გაგრძელებას. უნდა გაიზარდოს უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა. მიმდინარეობს ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტისთვის მზადება. იაპონიაც მუშაობს სანქციებზე“, - დაწერა მან X-ზე.