Loading data...
ტუსკი პოლონეთზე რუსული დრონებით თავდასხმის შემდეგ: პანიკის საფუძველი არ არსებობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსული დრონები ნატოს ტერიტორიაზე გასულ ღამეს პირველად ჩამოაგდეს, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ტუსკმა მთავრობის სპეციალურ სხდომამდე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსული დრონები, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენდნენ, ჩამოაგდეს.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული დრონები ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ჩვენი ყველა მოკავშირე ძალიან სერიოზულად უდგება სიტუაციას“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ პოლონეთის ოთხი აეროპორტი დაიხურა არა თავდასხმის საფრთხის, არამედ „პილოტების ოპერატიული საჭიროებების გამო“.

ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების ძებნა გრძელდება და აღნიშნა, რომ მომზადებულმა გეგმებმა გაამართლა და, სავარაუდოდ, „მასშტაბური პროვოკაცია“ მოხდა.

„სიტუაცია სერიოზულია. ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩვენ სხვადასხვა სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ. პირველი გამოცდა ჩაბარებულია. ასეთი შემთხვევისთვის მომზადებული გეგმები მუშაობს“, - განაცხადა მან.

ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ „პანიკის საფუძველი“ არ არსებობს.

„ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ჩვენ მოქალაქეებს ყველა მოვლენის შესახებ ვაცნობებთ. არ არსებობს არანაირი მიზეზი ისეთი შეზღუდვების შემოღებისთვის, რომლებიც მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას გაართულებს“, - განაცხადა მან.

ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მუდმივ კონტაქტზეა უმაღლეს სამხედრო სარდლობასთან და პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან.

„ჩვენ უკვე მრავალი საათია, ვსაუბრობთ და ვაფასებთ ამ დრამატული მოვლენების შედეგებს. ჩვენ ასევე ვაფასებთ სამომავლო საჭიროებებს“, - განაცხადა მან.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და კომენტატორებს, მგრძნობიარენი იყვნენ რუსული დეზინფორმაციის მცდელობების მიმართ.