Loading data...
ტუსკი: არ მიმიღია არანაირი სიგნალი აშშ-ის ჯარების გერმანიიდან ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე გადაყვანის შესახებ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ჯერ ვერ ხედავს რაიმე ნიშანს იმისა, რომ ამერიკული ჯარები, რომლებიც აშშ-მა გერმანიიდან უნდა გაიყვანოს, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე გადაინაცვლებენ. 

ტუსკი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიიდან 5000 სამხედროს გაყვანის შესახებ, რომლებიც შეერთებულ შტატებში და საზღვარგარეთ სხვა პოზიციებზე გადანაწილდებიან.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მინიშნება იმისა, რომ გერმანიიდან გადამისამართებული ამერიკელი ჯარისკაცები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე გაიგზავნებიან“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამ კონტექსტში, ტუსკმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის ფარგლებში სოლიდარობის შენარჩუნების აუცილებლობას, სხვა ლიდერების „პროვოკაციებისა“ და „პოლიტიკური ახირებების“ მიუხედავად.

„ჩემთვის, დასავლური საზოგადოება — და მე არ ვსაუბრობ გეოგრაფიაზე, მე ვსაუბრობ პოლიტიკურ ღირებულებებზე — ყოველთვის ღირს შენარჩუნებად ნებისმიერ ფასად. ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამა თუ იმ მსოფლიო ლიდერის რაიმე პროვოკაციას, ან პოლიტიკურ ახირებებს. ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად უნდა დავიცვათ ეს ურთიერთობები“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

ტუსკმა დასძინა, რომ პოლიტიკა არ შეიძლება დაფუძნებული იყოს პირფერობაზე, თუნდაც საქმე ყველაზე გავლენიან ლიდერებს ეხებოდეს.

„თქვენ უნდა იყოთ გულთბილი და კეთილი, მაგრამ ასევე უნდა გამოხატოთ თქვენი პოზიცია“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5000-ზე მეტი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.