ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5000-ზე მეტი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიიდან 5000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაოდენობის შემცირება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე პენტაგონის განცხადებაში იყო აღნიშნული.
„ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ ჯარისკაცების რაოდენობას და 5000-ზე მეტ ჯარისკაცს გავიყვანთ“, - განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.
მანამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან დაახლოებით 5000 ჯარისკაცს მომდევნო ექვსიდან თორმეტ თვემდე პერიოდში გაიყვანს, „ევროპაში დეპარტამენტის ძალების პოზიციის საფუძვლიანი გადახედვის“ შემდეგ. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მდებარეობს ამერიკული საჰაერო ძალების ბაზა „რამშტაინი“ - აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბ-ბინა ევროპაში, ასევე ნატოს ობიექტი.