Loading data...
თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელმაც 78 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 11 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

თურქეთში თერთმეტ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ბოლუს პროვინციაში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე იანვარში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელმაც 78 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი თურქეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება. 

ჰალიტ ერგული, სასტუმრო „გრანდ კარტალის“ მფლობელი, სადაც ხანძარი გაჩნდა, იმ 11 ბრალდებულს შორის იყო, რომლებსაც ბოლუს პროვინციის სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესში სულ 32 ბრალდებული მონაწილეობდა, რომელთაგან 20 წინასწარი პატიმრობის ქვეშ იმყოფებოდა. ერგულის გარდა, ბრალდებულებს შორის იყვნენ სასტუმროს საბჭოს წევრები, მენეჯერები და თანამშრომლები, ასევე, მერის მოადგილე და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები.

სასტუმროში გაჩენილ ხანძარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დამოუკიდებელი ექსპერტების თქმით, სასტუმროს არ ჰქონდა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ელემენტარული ზომები.

ცნობისთვის, 12-სართულიან სასტუმრო „გრანდ კარტალში“ ხანძარი 21 იანვარს, ზამთრის სასკოლო არდადეგების დროს, გაჩნდა. ტრაგედიის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 137 დაშავდა. დაღუპულთა შორის ათობით ბავშვი იყო, რომლებიც ოჯახებთან ერთად ისვენებდნენ.