თურქეთში ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან - The Guardian

ევროპაში ჰაერის ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა, პარალელურად, ხანძარს ებრძვიან თურქეთში, ზოგიერთი რაიონი ევაკუირებულია, - ამის შესახებ The Guardian წერს.
როგორც მედიაში ვრცელდება, იზმირის ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები მეორე დღეა ცდილობენ, მაგრამ მათ ამის საშუალებას ძლიერი ქარი არ აძლევს. თურქეთის სატყეო მეურნეობის მინისტრის იბრაჰიმ იუმაკლის თქმით, იძულებულები გახდნენ, რომ ოთხი სოფლის და ორი ქალაქის მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინათ.
ბოლო წლებში, თურქეთის სანაპირო რეგიონები მასობრივი ხანძრის მსხვერპლია, რასაც ექსპერტები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. როგორც ჩანს, ზაფხული უფრო ცხელი და მშრალი გახდა, ვიდრე ჩვეულებრივ იყო.
„ხანძრების ამინდი - სიცხის, გვალვის და ძლიერი ქარის კომბინაცია - კონტინენტის ყველა მიმართულებით იმატებს“, - წერს მედია საშუალება და მოსახლეობას ევროპაში დაფიქსირებულ გაზრდილ ჰაერის ტემპერატურაზე მიუთითებს.
თემაზე მომუშავე ექსპერტების ჯგუფი განმარტავს, რომ კლიმატის ცვლილებამ საშუალოდ, ორი კვირით გაზარდა „ხანძრების სეზონი“. ტემპერატურამ იმატა სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ევრაზიაში, აშშ-სა და ავსტრალიაში.
ესპანეთში ტემპერატურამ 46°C-ს მიაღწია, იმავე საფრთხის წინაშეა სამხრეთ საფრანგეთიც. ტემპერატურის ექსტრემალური მატება, რომელიც წიაღისეული საწვავის დაბინძურებით გაძლიერდა, რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელდა პორტუგალიასა და საბერძნეთში, სადაც ასევე, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების ფონზე, ევროპის რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ, ჯანმრთელობის დასაცავად ახალი რეკომენდაციები გამოსცა.