თურქეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინა და რუსეთი გააფრთხილა, რომ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე შემდგომი თავდასხმებისგან თავი შეიკავონ
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა რუსეთი და უკრაინა გააფრთხილა, შავ ზღვაში კომერციულ გემებზე შემდგომი თავდასხმებისგან თავი შეიკავონ. მან განაცხადა, რომ ანკარა იტოვებს უფლებას, აღნიშნული იერიშების გამო სამართლებრივი ზომები მიიღოს.
ნატოს წევრმა თურქეთმა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს როგორც მოსკოვთან, ისე კიევთან, არაერთხელ მოუწოდა ორივე მხარეს, შეწყვიტონ შავ ზღვაში თავდასხმები. აღნიშნული ავიაიერიშების შედეგად დაზიანდა თურქული დროშის ქვეშ მცურავი და თურქეთის საკუთრებაში არსებული კომერციული გემებიც.
ანკარა აცხადებს, რომ ელოდება პასუხებს რუსეთისა და უკრაინისთვის წარდგენილ წინადადებაზე, რომელიც მიზნად ისახავს გახშირებული თავდასხმების შეჩერებასა და რეგიონიდან მარცვლეულის უსაფრთხო გატანის უზრუნველყოფას.
სოფიაში შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების — თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის — თავდაცვის მინისტრებსა და სამხედრო ხელმძღვანელებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე გამართული შეხვედრის შემდეგ გიულერმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მიმდინარეობისას შავ ზღვაში მოძრავი კომერციული გემები დრონებით, საზღვაო ნაღმებითა და რაკეტებით თავდასხმების წინაშე აღმოჩნდნენ.
„ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ ინტენსიურ თავდასხმებს და მხარეებს მოვუწოდებთ, იმოქმედონ საღი აზრის ფარგლებში, ღია ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების პრინციპის შესაბამისად“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ 28 ოქტომბერს ბულგარეთის საზღვაო იურისდიქციის ფარგლებში კიდევ ერთ სავაჭრო გემს სამი დრონი დაესხა თავს.
უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა ბერძნულ კონტეინერმზიდ გემზე, რომელიც ბულგარეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ლიბერიის დროშის ქვეშ მიცურავდა.
„ჩვენ ასევე ვიტოვებთ ყველა კანონიერ უფლებას თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ, ან თურქეთის კუთვნილ გემებზე თავდასხმებთან დაკავშირებით და მოვლენების განვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით... ორივე მხარეს მუდმივად გადაეცემა აუცილებელი გაფრთხილებები, რათა კომერციული ნავიგაცია კონფლიქტის ზონის მიღმა დარჩეს და სამოქალაქო გემებზე თავდასხმები დაუყოვნებლივ შეწყდეს“, - დასძინა გიულერმა.
მისივე თქმით, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, რომლებიც შავ ზღვაში ნაღმების გაუვნებელყოფის ოპერაციას ახორციელებენ, შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს კრიტიკული მნიშვნელობის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვაზეც.