თურქეთის მთავრობამ მოამზადა კანონპროექტები, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის პატიმრობას ითვალისწინებს

თურქეთის მთავრობამ წარმოადგინა სასამართლო რეფორმის მე-11 პაკეტის პროექტი, რომელიც მოიცავს განახლებულ კანონთა სერიას, რაც ნეგატიურად აისახება LGBTQ+ საზოგადოებაზე.
კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საჯაროდ ხელს უწყობს ქცევებს ან იდენტობებს, რომლებიც არ შეესაბამება დაბადებისას მინიჭებულ სქესს, შესაძლოა ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.
ერთნაირსქესიანი წყვილები, რომლებიც ნიშნობის ან ქორწილის ცერემონიალის ჩატარებაში იქნებიან შემჩნეულნი, ასევე შესაძლოა 1.5 წლიდან 4 წლამდე პატიმრობით დაისაჯონ.
შემოთავაზებული რეფორმები ტრანსგენდერებსაც შეეხება - სქესის გადაკეთების ოპერაციისთვის მინიმალური ასაკი 18 წლიდან 25 წლამდე გაიზრდება.
განმცხადებლებს მოეთხოვებათ იყვნენ დაუქორწინებელნი, წარმოადგინონ სამედიცინო საბჭოს დასკვნა, რომელიც დაადასტურებს პროცედურის ფსიქოლოგიურ აუცილებლობას და გაიარონ ოთხი ცალკეული შეფასება, რომელთა შორისაც, სულ მცირე, სამთვიანი შუალედი უნდა იყოს, სანამ უშუალოდ პროცედურას ჩაიტარებენ.
ლეგალური ჩარჩოს მიღმა ქირურგიული ოპერაციების ჩატარებამ შესაძლოა გამოიწვიოს სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა და ჯარიმები.
თურქეთისა მთავრობის წარმომადგენლები რეფორმებს ასაბუთებენ, როგორც აუცილებელს, მათი დევიზის შესაბამისად: „დავიცვათ ოჯახები, ხელი შევუწყოთ ჯანსაღ განვითარებას და შევინარჩუნოთ სოციალური წესრიგი“.