Loading data...
ტულსი გაბარდი: პირადად შემიძლია დავადასტურო, რომ „დიფ სთეითი“ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვებრძვის და ის თითოეულ ფედერალურ სააგენტოში არსებობს

აშშ-ის ფედერალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ტულსი გაბარდი Turning Point USA-ს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რომლის დროსაც სააგენტოს მუშაობა შეაფასა და მთავარ მოწინააღმდეგედ „დიფ სთეითი“ დაასახელა.

„წინ მარტივი გზა არ გველის. შემიძლია პირადად დაგიდასტუროთ, რომ ფედერალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორად მუშაობის დროს, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ „დიფ სთეითის“ ძალას და ვხედავ მის ბრძოლას ჩვენს წინააღმდეგ. ის თითოეული ფედერალური სააგენტოს შიგნით ფიგურირებს“, - აღნიშნავს გაბარდი.

მისი თქმით, სააგენტოს მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის და ესმის იმ მოქალაქეების, რომლებიც საკუთარ პოზიციებს სოციალური ქსელების საშუალებით გამოხატავენ. 

„ისეთივე იმედგაცრუებას განვიცდი, როგორსაც თქვენ გამოხატავთ სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე. მესმის, რომ გაინტერესებთ, თუ რატომ არ მიდის საქმეები უფრო სწრაფად და უფრო წინ? ამ იმედგაცრუებას ყოველდღიურად ვგრძნობ, მაგრამ ვგრძნობ იმ ძალასაც, რომლითაც „დიფ სთეითი“ გვებრძვის. ის ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევს, მაგრამ არაუშავს! ჩვენ აქ ვრჩებით და არსად მივდივართ, ჩვენ ვიბრძვით თქვენთვის“, - აღნიშნა აშშ-ის ფედერალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა.