Loading data...
წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპი პაკისტანის არმიის მეთაურს თეირანში ვიზიტამდე ესაუბრა და მოუწოდა, ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს

სამი პაკისტანური წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ კვირას პაკისტანის არმიის მეთაურს ასიმ მუნირს ესაუბრა, სანამ ეს უკანასკნელი თეირანში გაემგზავრებოდა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ის მთავარი მოთხოვნა ირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება იყო. ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს. 

ორი პაკისტანური წყაროს ცნობით, სატელეფონო ზარი, რომლის შესახებაც აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, ტრამპის ინიციატივით შედგა.

თეთრი სახლის პრესმდივნის ოფისი გავრცელებულ ინფორმაციას არ გამოხმაურებია. გაურკვეველია, თუ რა განიხილეს დეტალურად მუნირმა და ტრამპმა.

პაკისტანის სამხედროები ადასტურებენ, რომ მუნირი ამჟამად პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოჰსინ ნაქვის თანხლებით თეირანში იმყოფება. მათივე თქმით, ვიზიტი „რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია“.

პაკისტანური წყაროს ცნობით, მუნირი დღეს, 24 აგვისტოს, ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა მოჯთაბა ხამენეისთან დაახლოებულ პირებს შეხვდება.

პაკისტანის მთავრობის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის მთავარი თემა აშშ-სა და ირანს შორის არსებული დაძაბულობაა, მუნირი, ასევე, განიხილავს ირანის მოკავშირე „ჰუსიტი“ მებრძოლების მიერ პაკისტანის მოკავშირე საუდის არაბეთზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს, ასევე, პაკისტანს, თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ცოტა ხნის წინ ხელმოწერილ ურთიერთდაცვის შეთანხმებას.

„ორივე მხარეს ნდობის დეფიციტია“, - აღნიშნა მესამე პაკისტანურმა წყარო აშშ-სა და ირანზე საუბრისას და დასძინა, რომ მუნირის მიზანი ურთიერთნდობის ნაკლებობის შემცირებაა.