წყალდიდობა და ძლიერი სიცხე - იტალიაში ექსტრემალურ ამინდს 2 ადამიანი ემსხვერპლა

ევროპაში ძლიერი სიცხის ტალღას ებრძვიან.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, იტალიაში ძლიერი სიცხის გამო ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლონიის მახლობლად, მშენებლობაზე დასაქმებულმა კაცმა ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო და ბეტონის ჩასხმის დროს გარდაიცვალა.
როგორც მედიასაშუალება წერს, ესპანეთს, პორტუგალიას, საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს სიცხის ძლიერი ტალღა დაატყდა თავს.
ამასთან, ტურინის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ მთიან ტურისტულ კურორტზე ძლიერი წვიმის გამო მდინარე ადიდდა. გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის ადგილობრივი მკვიდრი მას შემდეგ დაიღუპა, რაც ფურგონიდან გადმოსვლას ცდილობდა.
უკიდურესი სიცხის გათვალისწინებით, იტალიის რამდენიმე რეგიონმა გადაწყვიტა, რომ დღის ყველაზე ცხელ საათებში 31 აგვისტომდე აიკრძალოს ღია ცის ქვეშ სამუშაო აქტივობები.
საფრანგეთსა და იტალიაში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, ესპანეთსა და პორტუგალიაში კი 43 გრადუსს გადააჭარბა.
„თუმცა, ბოლო დღეებში რეკორდი ესპანეთის ანდალუსიის რეგიონში მდებარე ქალაქ უელვაში დაფიქსირებულმა ტემპერატურამ მოხსნა, რომელმაც კვირას 46 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ექსტრემალური ამინდი სულ უფრო ინტენსიურია. სიცხეები, გვალვები და წყალდიდობები კი მხოლოდ რამდენიმე დღის ინტერვალით ხდება“, - წერს მედიასაშუალება.