ტრამპსა და იაპონიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ტაკაიჩი გაზაფხულზე აშშ-ში ვიზიტს გეგმავს
იაპონიის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა ოფიციალურად განიხილეს 2026 წლის გაზაფხულზე აშშ-ში ტაკაიჩის ვიზიტის შესაძლებლობა, თუმცა, სავარაუდოდ, ტაივანის საკითხიც განიხილებოდა. ამის შესახებ გამოცემა Japan Times-ი იუწყება.
პრემიერ-მინისტრმა პრესას ოფიციალურად განუცხადა, რომ მან ტრამპს შეერთებული შტატების 250 წლის იუბილე მიულოცა, მასთან განიხილა შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის ურთიერთობები და 2026 წლის გაზაფხულზე შეერთებულ შტატებში მისი შესაძლო ვიზიტი.
„პრეზიდენტმა ტრამპმა კვლავ მიმიწვია შეერთებულ შტატებში ვიზიტისთვის და ჩვენ შევთანხმდით, რომ გაზაფხულზე ჩემი ვიზიტისთვის კონკრეტულ პირობებს შევიმუშავებთ“, - განაცხადა ტაკაიჩიმ.
თუმცა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა თავი აარიდა მკაფიო პასუხის გაცემას იმის შესახებ, განიხილეს თუ არა ლიდერებმა კვირის დასაწყისში ტაივანის გარშემო ჩინეთის მიერ ჩატარებული წვრთნების საკითხი. ტაკაიჩის თქმით, მან და ტრამპმა „გაცვალეს მოსაზრებები, ყურადღება გაამახვილეს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე და დაადასტურეს მჭიდრო კოორდინაცია... მიმდინარე საერთაშორისო ვითარების კონტექსტში“.
გამოცემა იხსენებს, რომ ჩინეთმა 2025 წლის ბოლოს ტაივანის გარშემო ნაჩქარევად მოაწყო „მისია სამართლიანობა 2025“-ის წვრთნები. ეს იყო პირველი წვრთნები მას შემდეგ, რაც იაპონიამ ნოემბერში განაცხადა, რომ შესაძლოა, ჩაერიოს, თუ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას შეეცდება.
ტაკაიჩის ამ განცხადებებს პეკინში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. იაპონიის პრემიერ-მინისტრს თავისი სიტყვების უკან წაღება მოსთხოვეს, თუმცა ტოკიომ უკან დახევაზე უარი თქვა.
ტაივანის მახლობლად ჩინეთის მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა მას შემდეგ, რაც იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა წვრთნების გამო შეშფოთება გამოთქვეს.
„ჩინეთის სამხედრო საქმიანობა და რიტორიკა ტაივანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ ზედმეტად ზრდის დაძაბულობას... ჩვენ მოვუწოდებთ პეკინს, გამოიჩინოს თავშეკავება, შეწყვიტოს ტაივანზე სამხედრო ზეწოლა და ამის ნაცვლად ჩაერთოს შინაარსიან დიალოგში“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თომას პიგოტმა.