ვაშინგტონმა ტაივანის მახლობლად ჩინეთის სამხედრო მანევრები გააკრიტიკა: მოვუწოდებთ პეკინს, გამოიჩინოს თავშეკავება, შეწყვიტოს ტაივანზე სამხედრო ზეწოლა და ამის ნაცვლად, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო მოქმედებები ტაივანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მახლობლად ზედმეტად ზრდის დაძაბულობას და მოუწოდა პეკინს, შეწყვიტოს სამხედრო ზეწოლა კუნძულზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები მოუწოდებს პეკინს, გამოიჩინოს „თავშეკავება“, შეწყვიტოს სამხედრო ზეწოლა ტაივანზე და ამის ნაცვლად, დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი.
„ჩინეთის სამხედრო ქმედებები და რიტორიკა ტაივანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ ზედმეტად ამწვავებს დაძაბულობას... შეერთებული შტატები მხარს უჭერს მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში და ეწინააღმდეგება სტატუს-კვოს ცალმხრივ ცვლილებებს, მათ შორის ძალის გამოყენებით, ან იძულებით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ თომას პიგოტმა.
ჩინეთმა სამხედრო წვრთნების „სამართლიანობის მისია 2025“-ის ფარგლებში, ძალის დემონსტრირების ნიშნად ტაივანის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლა და დიდი რაოდენობით სამხედრო ხომალდები და თვითმფრინავები განალაგა. პეკინმა წვრთნების დასრულების შესახებ 31 დეკემბერს, გვიან ღამით განაცხადა.
გარდა ამისა, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის საახალწლო მიმართვაში აღნიშნა, რომ ჩინეთისა და ტაივანის „გაერთიანება“ შეუძლებელია შეჩერდეს.
ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო 11 დღის შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ტაივანს რეკორდული 11.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.
ჩინეთის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ წვრთნები გარე ჩარევის შეკავებას ისახავდა მიზნად. პეკინის ქმედებებმა ტაივანი აიძულა, გაეუქმებინა ათობით შიდა კომერციული რეისი და გაეგზავნა სამხედრო თვითმფრინავები და გემები მანევრების დასაკვირვებლად.