Loading data...
ტრამპმა უარყო ინფორმაცია, რომ ვენესუელაში სამხედრო ობიექტებზე დარტყმების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვენესუელაში სამხედრო ობიექტებზე დარტყმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი იტყობინება.

როდესაც ჟურნალისტებმა Air Force One-ის ბორტზე მას ჰკითხეს, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, ტრამპმა უპასუხა: „არა“.

მანამდე ამ ინფორმაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას თეთრი სახლის პრესმდივანმა ანა კელიმ განაცხადა, რომ „ანონიმურმა წყაროებმა არ იციან, რაზე საუბრობენ“ და რომ ნებისმიერ განცხადებას, თუკი იქნება, თავად პრეზიდენტი ტრამპი გააკეთებდა.

ცნობისთვის, გამოცემა Miami Herald-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელაში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა გადაწყვიტა და რომ დარტყმები შეიძლება, ნებისმიერ დროს განხორციელდეს.

მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა The Wall Street Journal-მაც. გავრცელებული ცნობით, დარტყმები, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის გამოყენებული სამხედრო ობიექტების განადგურებას ისახავდა მიზნად.

აშშ მიიჩნევს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობას ახორციელებს ორგანიზაცია, რომელსაც ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ხელმძღვანელობს და რომელსაც მისი რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.