Loading data...
ტრამპმა პუტინთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ორსაათიანი საუბარი „ძალიან კარგად“ წარიმართა.

მისი თქმით, რუსეთი და უკრაინა „დაუყოვნებლივ“ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის სრული დასრულების შესახებ.

„მოლაპარაკებების პირობებზე ორივე მხარე იმუშავებს, როგორც ეს ბუნებრივია, რადგან მათ იციან მოლაპარაკებების ისეთი დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობი იქნება. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. რომ არა, ამას ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით“, - წერს ის Truth Social-ში.

გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს ომის დასრულების შემდეგ შეერთებულ შტატებთან „ფართომასშტაბიანი ვაჭრობის“ გაფართოება სურს. ის პირადად მხარს უჭერს ამ იდეას.

ამერიკელი ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთს აქვს „უზარმაზარი შესაძლებლობები“ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და მოსახლეობის კეთილდღეობის გასაზრდელად.

„რუსეთისთვის უზარმაზარი შესაძლებლობა არსებობს შექმნას სამუშაო ადგილებისა და სიმდიდრის კოლოსალური რაოდენობა. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ანალოგიურად, უკრაინას შეუძლია დიდი სარგებელი მიიღოს ვაჭრობით, ქვეყნის აღდგენის პროცესში. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამის შესახებ უკვე ვაცნობე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“, - დასძინა ტრამპმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის დაუყოვნებელი მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობის შესახებ აცნობა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯო მალონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდრ სტუბს.