Loading data...
ტრამპმა პუტინსა და ზელენსკის ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოქალაქეები მასობრივი დაბომბვის რისკის შესახებ გააფრთხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში აშშ-ის საელჩომ თავისი მოქალაქეები უახლოეს დღეებში მასობრივი დაბომბვის რისკის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რეპორტიორებმა ტრამპს ჰკითხეს, თუ რა სურდა ეთქვა პუტინისთვის იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოქალაქეები კიევზე რუსეთის შესაძლო მასშტაბური იერიშის შესახებ გააფრთხილა.

ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას „ორივე მხარისთვის აქვს გზავნილი“.

„დაასრულეთ ეს ომი. კვირაში 5000 ჯარისკაცს ვკარგავთ - რუსებს, უკრაინელებს და, სხვათა შორის, არა მხოლოდ ჯარისკაცებს. მე ვამბობ: შეწყვიტეთ ეს სულელური ომი. ეს არის ჩემი გზავნილი ორივე მხარისთვის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ეს გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც პუტინის მიერ 9 მაისს ე.წ. გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოცხადებული „სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა“ სრულდება. ის ძალაში 11 მაისის 00:00 საათამდე იქნება. 

ამასობაში კი, მედიის ცნობით, აშშ და ევროპელი მოკავშირეები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე ასრულებენ მუშაობას, რომლის მიღებაზეც რუსეთის უარის თქმამ, შესაძლოა, ახალი სანქციები გამოიწვიოს.