ტრამპმა პუტინს ახალი შეხვედრისთვის პირობა წაუყენა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ დათანხმდება რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას, ვიდრე არ იქნება მიღწეული შეთანხმება უკრაინაში ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. ეს განცხადება ამერიკელმა ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, რომლის აუდიოჩანაწერიც თეთრი სახლის ვებსაიტზე გავრცელდა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, თუ რა უნდა ქნას რუსეთმა იმისთვის რომ ტრამპი პუტინს შეხვდეს.
„მინდა, ვიცოდე, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ. მე არ ვაპირებ დროის ფუჭად კარგვას. ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ ეს ძალიან იმედგამაცრუებელია. მეგონა, ეს საქმე ბევრად ადრე დასრულდებოდა, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დადგებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.
მან, ასევე, განცხადება გააკეთა ჩინეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების შემცირების შესახებ.
„ჩინეთი მნიშვნელოვნად ამცირებს რუსული ნავთობის შესყიდვებს. ინდოეთი კი მთლიანად წყვეტს შესყიდვებს“, - დასძინა მან.
ტრამპმა, ასევე, კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ქვეყნებს შორის უზარმაზარი სიძულვილია, განსაკუთრებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის.