Loading data...
ტრამპმა მთავრობის ხელახლა გახსნის კანონპროექტს ხელი მოაწერა, რითაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დასრულებულია. ამის შესახებ CNN-ი წერს. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 222 ხმით, 209-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის ექვსი დემოკრატი კონგრესმენი იყო. კანონპროექტი ჯერ სენატმა, შემდეგ კი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, რის შემდეგაც ის აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცა.

დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლითაც 43-დღიანი „შათდაუნი“ დასრულდა, ასევე შეაჩერებს დონალდ ტრამპის მიერ დაწყებულ მასობრივ გათავისუფლებებს, გზას გაუხსნის ფედერალური თანამშრომლებისთვის ხელფასების რეგულარულ გაცემას, ათობით მილიონი ამერიკელისთვის საკვების შესაძენად დახმარების გაცემას და მთავრობა საქმიანობას დაუბრუნდება.

ტრამპმა კანონპროექტი დემოკრატებზე გამარჯვებად შეაფასა და მას უწოდა „მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ არასდროს დავნებდებით გამოძალვას, რადგან სწორედ ეს იყო ის, რისი გამოძალვაც სცადეს“.

„მათ არ სურდათ ამის მარტივი გზით გაკეთება. მათ ეს რთული გზით მოუწიათ და ძალიან ცუდად გამოიყურებიან“, - განაცხადა მან ოვალური კაბინეტიდან.