Loading data...
ტრამპმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს დრონების უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ - Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლებიც აშშ-ის დრონების შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს, მათ შორის ქვეყანაში გასამართი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების წინ დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებას. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. 

თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის ოფისის დირექტორმა მაიკლ კრაციოსმა განაცხადა, რომ „საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ქმედებები არასდროს ყოფილა ასეთი დროული“.

„ადმინისტრაცია დრონების უკანონო გამოყენებას ებრძვის და ბრძანებს, შეიქმნას ფედერალური სამუშაო ჯგუფი, რათა უზრუნველყოს აშშ-ის კონტროლი ამერიკის ცაზე და პრიორიტეტად აქციოს დრონების რეალურ დროში აღმოჩენა და იდენტიფიკაცია“, - განაცხადა მან.

საკითხთან დაკავშირებული პირების ცნობით, სამივე ბრძანების მიზანია ამერიკული წარმოებისა და ინოვაციების წახალისება და ამავდროულად, ისეთი უცხოელი კონკურენტების მიმართ დამოკიდებულების შემცირება, როგორიც ჩინეთია.

ადმინისტრაცია ასევე ცდილობს, ებრძოლოს მავნე საქმიანობას, განსაკუთრებით გასულ წელს ნიუ-ჯერსიში დრონების ხილვის შემთხვევების ზრდის გამო საზოგადოების აღშფოთების შემდეგ.

დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების გაუმჯობესების ერთ-ერთი ბრძანება გულისხმობს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც შეაფასებს და შესთავაზებს გადაწყვეტილებებს საფრთხეების გადასაჭრელად.

ბრძანება ასევე ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო ცენტრის შექმნას სამთავრობო უწყებების მსოფლიო თასისა და ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად და ავალებს ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციას, დააჩქაროს რეგულაციების მიღება გარკვეული ობიექტების, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ქიმიური ქარხნებისა და გასართობი პარკების მახლობლად დრონების ფრენების შეზღუდვის მიზნით.

მეორე აღმასრულებელი ბრძანების მიზანია ამერიკული ბაზრის სტიმულირება ახალი ტექნოლოგიებით, მათ შორის დრონებითა და საჰაერო ტაქსებით.

თეთრი სახლის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ბრძანებების ხელმოწერამდე ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ დირექტივის მიზანი სხვა ქვეყნების ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირება იყო.

მესამე აღმასრულებელი ბრძანება კი მიზნად ისახავს აშშ-ში ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების განვითარების სტიმულირებას, ნაწილობრივ იმ რეგულაციების გაუქმებით, რომლებიც, ოფიციალური პირების თქმით, განვითარებას აფერხებს.