Loading data...
ტრამპმა კანადას დამატებით 10%-იანი ტარიფები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 10%-იანი ტარიფები დააწესა. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა სოციალურ ქსელში Truth Social-ზე დაწერა.

ტრამპმა განმარტა, რომ მან ეს გადაწყვეტილება „რონალდ რეიგანის ტარიფებთან დაკავშირებული გამოსვლის შესახებ თაღლითური რეკლამის“ გამო მიიღო.

მისი თქმით, რეიგანის ფონდმა განაცხადა, რომ მათ „შექმნეს სარეკლამო კამპანია პრეზიდენტ რონალდ რეიგანის შერჩევითი აუდიო და ვიდეოჩანაწერების გამოყენებით“. ეს რეკლამა „ამახინჯებს პრეზიდენტის რადიომიმართვას“. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ მისი განცხადებების გამოყენების, ან რედაქტირების ნებართვა არ არსებობდა.

„ამ თაღლითობის ერთადერთი მიზანი იყო კანადის იმედი, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო დაეხმარებოდა მას იმ ტარიფებთან დაკავშირებით, რომლებსაც ის წლების განმავლობაში შეერთებული შტატებისთვის ზიანის მისაყენებლად იყენებდა. შეერთებულ შტატებს ახლა შეუძლია, დაიცვას თავი კანადის მაღალი და გადაჭარბებული ტარიფებისგან (ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების ტარიფებისგან!). რონალდ რეიგანს ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მიზეზების გამო უყვარდა ტარიფები, მაგრამ კანადამ განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა! მათი რეკლამა დაუყოვნებლივ უნდა მოეხსნათ, მაგრამ გუშინ ღამით, მსოფლიო სერიის დროს, მათ ის ეთერში გაუშვეს, რადგან იცოდნენ, რომ ეს თაღლითობა იყო.“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „ფაქტების სერიოზული დამახინჯებისა და მტრული ქმედების გამო“ კანადაზე ტარიფებს დამატებით 10%-ით გაზრდის.