ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაჭიანურებაში ზელენსკია დამნაშავე და არა პუტინი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა რუსეთი, არამედ უკრაინა აფერხებს.
„როიტერთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, მზადაა ომის დასასრულებლად.
„ვფიქრობ, ის [ვლადიმერ პუტინი] მზადაა შეთანხმების დასადებად. ვფიქრობ, უკრაინა ნაკლებად არის მზად ამისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა კონფლიქტის გადაჭრა აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების გზით, ტრამპმა უპასუხა: „ზელენსკი“.
„ჩვენ უნდა დავარწმუნოთ პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მხარი დაუჭიროს ამას“, - აღნიშნა მან.
როდესაც ტრამპს ჰკითხეს, თუ რატომ ფიქრობდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს აჭიანურებდა, მან დეტალებზე არ ისაუბრა და მხოლოდ აღნიშნა: „იცით, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ მას უჭირს ამის მიღწევა“.
გარდა ამისა, ტრამპმა „როიტერსს“ განუცხადა, რომ მან არაფერი იცოდა უიტკოფისა და კუშნერის მოსკოვში პოტენციური ვიზიტის შესახებ, რომლის შესახებაც ოთხშაბათს „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია.
როდესაც ჰკითხეს, შეხვდებოდა თუ არა ზელენსკის დავოსში, შვეიცარიაში, მომავალ კვირას, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა, თუმცა მიანიშნა, რომ ჯერ არანაირი გეგმა არ აქვს.
„შევხვდებოდი, თუ ის იქ იქნებოდა. მე იქ ვიქნები“, - დასძინა ამერიკის ლიდერმა.