Loading data...
ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიო საფეხბურთო პირველობაში ირანის მონაწილეობას არ ეწინააღმდეგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში ირანის მონაწილეობას არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„თუ ჯანი ინფანტინო ამას არ ეწინააღმდეგება, მაშინ მეც არ ვარ წინააღმდეგი. ითამაშონ, ჯანი ფანტასტიკური კაცია და ჩემი მეგობარია. მან მე მკითხა, მე ვუთხარი, გააკეთე ისე, როგორც შენ გსურს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მანამდე ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ფიფას კონგრესზე ვანკუვერში განაცხადა, რომ ირანი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

„ირანი, რა თქმა უნდა, აშშ-ში გამართულ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს“, - განაცხადა ინფანტინომ.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში 2026 წლის 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. ირანის ნაკრები ლოს-ანჯელესში და სიეტლში გამართავს შეხვედრებს. ის ერთ ჯგუფშია ახალ ზელანდიასთან, ბელგიასთან და ეგვიპტესთან.