Loading data...
ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადის გაზრდა 4 ივლისამდე გადადო

დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადის გაზრდა 4 ივლისამდე გადადო. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„მე მოთმინებით ველოდი, როდის შეასრულებდა ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების საკუთარ ნაწილს, რომელსაც ჩვენ შოტლანდიაში მოვაწერეთ ხელი. მათ გვითხრეს, რომ ევროკავშირი პირობას შეასრულებს და ტარიფებს ნულამდე დასწევს. მე დავთანხმდი, რომ დროს მივცემდი ჩვენი ქვეყნის 250 წლისთავამდე, ან ტარიფები აიწევს ბევრად უფრო დიდი ნიშნულზე“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.

ტრამპთან გამართული „ძალიან კარგი“ საუბრის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირი  მათ შორის მიღწეული შეთანხმების შესრულების ერთგულები რჩებიან. „ივლისის დასაწყისისთვის ტარიფების შესამცირებლად კარგი პროგრესი არსებობს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

1 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე საბაჟო გადასახადი 25%-მდე გაიზრდება. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ევროკავშირი საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, ამიტომ ევროკავშირიდან შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ავტომობილებზე ის საბაჟო გადასახადს 25%-მდე გაზრდის.