ტრამპმა დავოსში გრენლანდიასთან დაკავშირებით შეხვედრები დააანონსა
ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა გრენლანდიის მნიშვნელობას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და დავოსში ამ თემაზე სხვადასხვა მხარესთან შეხვედრები დააანონსა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
ტრამპმა რუტესთან სატელეფონო საუბარს „ძალიან კარგი“ უწოდა და აღნიშნა, რომ დავოსში სხვადასხვა მხარესთან შეხვედრას დათანხმდა.
„გრენლანდიასთან დაკავშირებით ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან. დავთანხმდი სხვადასხვა მხარის შეხვედრას დავოსში, შვეიცარიაში. როგორც ყველასთან ძალიან ნათლად აღვნიშნე, გრენლანდიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეროვნული და გლობალური უსაფრთხოებისთვის. უკან დასახევი გზა აღარ არსებობს - ყველა თანხმდება ამაზე! ამერიკის შეერთებული შტატები უდავოდ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანაა. მეტწილად, ამის მიზეზი ჩემი პირველი ვადის განმავლობაში ჩვენი სამხედრო ძალების აღდგენაა, რაც კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით გრძელდება. ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს მშვიდობა მთელ მსოფლიოში - და ეს საკმაოდ მარტივად, ძალის მეშვეობით ხდება!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.
მოგვიანებით ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც იგი აშშ-ის დროშას გრენლანდიის ტერიტორიაზე აღმართავს ბანერთან, წარწერით: „გრენლანდია, აშშ-ის ტერიტორია 2026 წლიდან“.