ტრამპმა აშშ-ის სამშვიდობო გეგმის მისაღებად უკრაინისთვის დაწესებული ვადა გააუქმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის მისაღებად უკრაინისთვის დადგენილ ვადაზე, რომელიც 27 ნოემბერს იწურებოდა. ამგვარად მან უარყო ინფორმაცია, რომ ამერიკელმა მომლაპარაკებელმა სტივ უიტკოფმა რუსებს ასწავლა, თუ როგორ მიუდგნენ ამერიკელ ლიდერს ამ საკითხთან დაკავშირებით.
Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში პროგრესს აღწევენ და რომ მოსკოვი გარკვეულ დათმობებზე დათანხმდა, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ დათმობებზე საუბრობდა, იუწყება Reuters-ი.
გასულ კვირას ომის დასრულების აშშ-ის მიერ შეთავაზებულმა ჩარჩო შეთანხმებამ, რომელმაც მედიაში გაჟონა, ახალი შეშფოთება გააჩინა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, უკრაინა აიძულოს, ხელი მოაწეროს მოსკოვისთვის მნიშვნელოვნად ხელსაყრელ სამშვიდობო შეთანხმებას.
ტრამპმა განაცხადა, რომ უიტკოფი მომავალ კვირას მოსკოვში გაემგზავრება კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად და რომ მოლაპარაკებებში მისი სიძე, ჯარედ კუშნერიც მიიღებს მონაწილეობას. ეს უკანასკნელი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არამდგრადი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაშიც იყო ჩართული.
აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა თანაშემწეებმა უარი თქვეს მკაცრი ვადის შესახებ და ახლა აცხადებენ, რომ სურთ შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევა. „ჩემთვის ბოლო ვადაა, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე.
Bloomberg-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უიტკოფმა 14 ოქტომბერს პუტინის საგარეო პოლიტიკის მთავარ თანაშემწე იური უშაკოვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მათ ერთად უნდა იმუშაონ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე და რომ პუტინმა ეს საკითხი ტრამპთან უნდა წამოჭრას.
გამოცემის ცნობით, უიტკოფის რეკომენდაციები მოიცავდა წინადადებებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტამდე ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გამართულიყო, ასევე, ღაზას საკითხთან დაკავშირებით ბოლო დროს მიღწეული შეთანხმება შესაძლო გზად გამოყენებულიყო.
როდესაც ამის შესახებ ჰკითხეს, ტრამპმა უპასუხა, რომ მას არ სმენია საუბრის ჩანაწერზე, რომლის შესახებაც Bloomberg-ი იუწყებოდა, თუმცა ეს მისთვის გასაკვირი არ იყო, რადგან „ეს არის ის, რასაც პროფესიონალი მომლაპარაკებელი აკეთებს“.
„იცით, ეს მოლაპარაკების ძალიან სტანდარტული ფორმაა. ვფიქრობ, ის იმავეს ეუბნება უკრაინას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ომში რუსეთი უპირატესობას ფლობს და უკრაინისთვის უფრო მომგებიანი იქნება შეთანხმების ახლავე მიღწევა.
მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიის ნაწილი „შესაძლოა, რუსეთმა დაიპყროს“ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ევროპელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.