ტრამპის თქმით, რომის პაპი ბევრ კათოლიკეს რისკის ქვეშ აყენებს, რაზეც ვატიკანი აცხადებს, რომ „პაპი საკუთარი გზით მიდის“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში ომთან დაკავშირებით კვლავ გააკრიტიკა რომის პაპი ლეო XIV, რაზეც ვატიკანმა განაცხადა, რომ პაპი საკუთარი გზით სვლას აგრძელებს.
„ვფიქრობ, ის ბევრ კათოლიკეს და სხვა ადამიანებს საფრთხეში აყენებს; მისთვის სრულიად მისაღებია, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, - განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის განცხადება სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვატიკანში ვიზიტამდე სულ რამდენიმე საათით ადრე გაკეთდა, რომლის ერთ-ერთი მიზანი, სავარაუდოდ, წმინდა საყდართან ურთიერთობების გაუმჯობესებაა.
წმინდა საყდრისა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა პიეტრო პაროლინმა ტრამპის განცხადებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „პაპი საკუთარი გზით მიდის“.
„ეს ნიშნავს, რომ ის ქადაგებს სახარებას, მშვიდობას, როგორც წმინდა პავლე იტყოდა, ყოველ შესაძლებლობაზე, შესაფერისად და შეუფერებლად“, - აღნიშნა პაროლინმა.
პაროლინის თქმით, პაპმა კრიტიკას უკვე გასცა „ძალიან ქრისტიანული პასუხი, რომ ის აკეთებს იმას, რასაც მისი როლი მოითხოვს და რაც მშვიდობის ქადაგებას გულისხმობს“.
აშშ-ის ელჩმა წმინდა საყდარში, ბრაიან ბირჩმა განაცხადა, რომ რუბიოსა და რომის პაპ ლეო XIV-ს შორის შეხვედრა ხუთშაბათს, 7 მაისს, შედგება, სადაც მხარეები ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას განიხილავენ.