Loading data...
ტრამპის თქმით, აშშ-ის მშვიდობის საბჭოს შემადგენლობაში, რომელიც ღაზას სექტორის მართვას ზედამხედველობას გაუწევს, მსოფლიოს წამყვანი ლიდერების უმეტესობა იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მშვიდობის საბჭოს შემადგენლობაში, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში ღაზას სექტორის მართვას ზედამხედველობას გაუწევს, მრავალი მსხვილი ქვეყნის ლიდერები იქნებიან. 

„ვიმედოვნებ, რომ თქვენი უდიდებულესობა ამ საბჭოში იქნება“, - უთხრა ტრამპმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს, თეთრ სახლში პრეზიდენტის მიერ მისთვის ორგანიზებულ ვახშამზე.

„ყველას სურს საბჭოში ყოფნა და საბოლოოდ ეს საკმაოდ დიდი საბჭო იქნება, რადგან მასში ყველა მსხვილი ქვეყნის ხელმძღვანელები იქნებიან“, - განაცხადა ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებიდან ერთი დღის შემდეგ, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით მშვიდობის საბჭოს 2027 წლის ბოლომდე ღაზას სექტორის მართვის ფართო მანდატს ანიჭებს.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს გასულ თვეში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის, თუმცა დეტალები დაუკონკრეტებია.

„მიუხედავად იმისა, რომ ცოტა არეულად გამოიყურება... [ღაზა] ძალიან ახლოსაა სრულყოფასთან“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა „ჰამასის“ მიერ დარჩენილი სამი მძევლის ცხედრის დაბრუნებაზეც და აღნიშნა: „ჰამასმა“ ბევრი სამუშაო გასწია და ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ამას არ გააკეთებდა“.

„ასევე გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ღაზაში მცხოვრებ ყველა ადამიანს... მათ დაიწყეს საკუთარ სახლებში დაბრუნება... [მათ] გაცილებით მეტი უსაფრთხოება აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ“, - განაცხადა ტრამპმა.