ტრამპის სპეცწარმომადგენლებსა და ზელენსკის შეხვედრაზე უსაფრთხოების და ეკონომიკური გარანტიები და ტერიტორიული საკითხი იყო განხილული
კიევში დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლებს, სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე უსაფრთხოების და ეკონომიკური გარანტიები და ტერიტორიული საკითხი იყო განხილული. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ზამთარშიც გაგრძელდება. მან დასავლელ პარტნიორებს დახმარების ზამთრის პაკეტის გამოყოფის თხოვნით მიმართა.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ამერიკელ პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევას, ასევე ევროპელი პარტნიორების იმედი გვაქვს, თუ ომი გაგრძელდება ზამთარშიც. ჯერჯერობით ასეთი პირი უჩანს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ უკრაინას გათხევადებულ ბუნებრივ აირს მიაწვდის. ასევე ქვეყანას ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფს.
მოლაპარაკების კიდევ ერთი თემა ტერიტორიული საკითხი იყო. „აქტუალურ თემად ტერიტორიული საკითხი რჩება. მე ჩემს აზრზე ვრჩები, რომ ასეთი რთული საკითხები მხოლოდ ლიდერების დონეზე წყდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უიტკოფი და კუშნერი კიევში 6 სექტემბერს, მატარებლით ჩავიდნენ, ეს ტრამპის სპეცწარმომადგენლების პირველი ვიზიტი იყო უკრაინის დედაქალაქში მას შემდეგ, რაც მათ კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობა დაიწყეს.
როგორც ჯარედ კუშნერმა ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან მონდომებულია, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, მაგრამ მას ესმის რომ ეს „ძალიან რთული და კომპლექსური პრობლემაა“. კუშნერი ამბობს, რომ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს ომი დაასრულოს და „შეწყდეს ადამიანების დაღუპვა და ბევრმა ოჯახმა შვებით ამოისუნთქოს“.
5 სექტემბერს უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში იმყოფებოდნენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე სიტუაცია „საკმაოდ რთულია“.