ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში შესაძლოა, მიწვევის შემთხვევაში, მოსკოვში ჩავიდეს - Bloomberg
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი მომავალ თვეში აპირებს, კიევს ეწვიოს და მოსკოვში შეხვედრების წინააღმდეგი არ იქნება, თუ მას მიწვევენ, - წერს Bloomberg.
გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ კელოგი ლონდონში, პარიზსა და რომში ჩასვლასაც გეგმავს. მისივე თქმით, მსგავსი გეგმები საბოლოოდ ჩამოყალიბებული ჯერ არ არის.
„კელოგის პოტენციური მზადყოფნა, ეწვიოს მოსკოვს 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, უჩვეულო ნაბიჯი იქნება ამერიკელი ოფიციალური პირისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფონზე, რომლებიც 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესდა“, - წერს „ბლუმბერგი“.
გამოცემის წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კელოგის ვიზიტები ორიენტირებული იქნება ინფორმაციის შეგროვებაზე და არა რაიმე კონკრეტული პოლიტიკური მიზნის განხორციელებაზე.
ამასთან, დონალდ ტრამპის გუნდს დაგეგმილი მოგზაურობის შესახებ Bloomberg-ისთვის კომენტარი არ მიუცია.
ცნობისთვის, მანამდე Reuters-ი წერდა, რომ კელოგის კიევში მოგზაურობა იანვრის დასაწყისში შედგება.