ტრამპი: ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა არაფერი იცოდა, ის უკიდურესად საკამათო ადამიანი იყო, ყველაფერი ხდება
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმის განცხადებით, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა არაფერი იცოდა.
ტრამპმა მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრისას თქვა, რომ საუდელი დისიდენტი ჟურნალისტი „უკიდურესად საკამათო“ ადამიანი იყო, ხოლო საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან შეხვედრაზე ჟურნალისტებმა ეს თემა იმიტომ წამოჭრეს, რომ სტუმარი შერცხვენილიყო.
„თქვენ ახსენებთ ადამიანს, რომელიც უკიდურესად საკამათო იყო. ბევრ ადამიანს არ მოსწონდა ის ჯენტლმენი, რომელზეც საუბრობთ. მოგწონთ თუ არა ის, ყველაფერი ხდება“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პრინცი ბინ სალმანი, რომელმაც, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ, მკვლელობა შეუკვეთა, ამ საქმეში არ მონაწილეობდა.
„მან ამის შესახებ არაფერი იცოდა და შეგვიძლია, ამით დავასრულოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ჯამალ ხაშოგის ქვრივმა, ჰანან ელატრ ხაშოგიმ, უპასუხა ტრამპის განცხადებას, რომ მისი მოკლული ქმარი „უკიდურესად საკამათო“ ადამიანი იყო და აღნიშნა, რომ ეს მისი მკვლელობის მიზეზი არ ყოფილა და ამას გამართლება არ აქვს.
საუდის არაბეთის მთავრობის ცნობილი კრიტიკოსი, აშშ-ში მცხოვრები ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს. ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის მთავრობის მრჩევლად მუშაობდა, თუმცა 2017 წლიდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ის ყოველთვიურ სვეტს წერდა „ვაშინგტონ პოსტში“.