Loading data...
ტრამპი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრაზე: მოლაპარაკებები გაიმართება, თუმცა, ალბათ, ჩარევა მომიწევს, მათ ერთმანეთი იმდენად სძულთ, რომ თითქმის არ საუბრობენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ შესახვედრად „ჩარევა“ მოუწევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა, პუტინსა და ზელენსკის შორის არსებული „გაუგებარი სიძულვილის“ გამო.

„მინდა, ეს შევაჩერო. და იცით, შვიდი ომი შევაჩერე. მეგონა (რუსეთის ომი უკრაინაში) ჩემთვის ადვილი იქნებოდა, მაგრამ ეს წარუმატებელი აღმოჩნდა. ზელენსკის და პუტინს შორის სიძულვილი გაუგებარია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან ასევე გამოთქვა ეჭვი უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

„მოლაპარაკებები გაიმართება - სამიტს უწოდებთ, თუ უბრალოდ შეხვედრას, არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა, ალბათ, ჩარევა მომიწევს. მათ ერთმანეთი იმდენად სძულთ, რომ თითქმის არ საუბრობენ. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი“, - განაცხადა ტრამპმა.

ამავდროულად, მან არ უპასუხა კითხვას ასეთი შეხვედრის შესაძლო დროის შესახებ და მხოლოდ აღნიშნა, რომ ეს „შედარებით მალე“ მოხდება.