ტრამპი: ყველაფერს ვიზამთ, რათა სირია წარმატებულ ქვეყნად ვაქციოთ
ყველაფერს ვიზამთ, რათა სირია წარმატებულ ქვეყნად ვაქციოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, ყველანაირად ეცდებიან, რომ სირია წარმატებულ ქვეყნად აქციონ, რადგან ის ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს.
„ახლო აღმოსავლეთში ახლა მშვიდობა გვაქვს. სირია ძალიან, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია ახლო აღმოსავლეთის. თუ წლების წინანდელ სირიას გადახედავთ, მათ ჰყავდათ ექიმები, იურისტები, მათ ბევრი დიდი ინტელექტი ჰყავდათ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე სირიის პრეზიდენტს ძლიერი ლიდერი უწოდა და აღნიშნა, რომ აჰმედ ალ-შარაას შეუძლია, სირია წარმატებულ ქვეყნად აქციოს.
„ის ძალიან რთული ადგილიდანაა და თავადაც მკაცრი ადამიანია. მომეწონა ის, მას ვუგებ. ადამიანები ამბობენ, რომ მას რთული წარსული აქვს. მას შანსი არ ექნებოდა, რთული წარსული რომ არ ჰქონოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამერიკის ლიდერს ჟურნალისტმა ჰკითხა, უნდა ელოდონ თუ არა რამე კონკრეტულ განცხადებას და შეუერთდება თუ არა სირია „ისლამური სახელმწიფოს“ მოწინააღმდეგე საერთაშორისო ჯგუფს.
„დიახ, სირიასთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადებას უნდა დაელოდოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ისრაელსა და სირიას შორის ურთიერთობებზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში აშშ-ისა და სირიის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართა. აჰმედ ალ-შარაა სირიის ხელისუფლებაში მოსვლამდე დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც „ალ-ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული და ვიზიტის დაწყებამდე აშშ-მა შარაა გლობალურ ტერორისტებად აღიარებული პირების სიიდან ამოიღო.