ტრამპი: უკრაინამ რუსეთთან შეთანხმებას „სწრაფად“ უნდა მიაღწიოს
17-18 თებერვალს ჟენევაში სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა გააფრთხილა და განაცხადა, რომ ის კიევისგან მოლაპარაკებების პროცესში აქტიურ მონაწილეობას მოელის და იმედოვნებს, რომ უკრაინა რუსეთთან შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„უკრაინისთვის უმჯობესია, რაც შეიძლება მალე მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას“, - განაცხადა ტრამპმა.
შვეიცარიაში დაგეგმილ ორდღიან მოლაპარაკებებში ამერიკულ დელეგაციას ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი უხელმძღვანელებს, უკრაინის დელეგაციას - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი, ხოლო რუსულს - პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებაზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალი უფრო ფართო იქნება, ვიდრე აბუ-დაბიში გამართული წინა კონსულტაციების დროს. განსახილველ თემებს შორის იქნება ტერიტორიული საკითხიც.