ტრამპი სტარმერს: ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში უკვე გამარჯვების შემდეგ ერთვებიან!
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთი დაგვიანებული გადაწყვეტილებების მიღების გამო, მაშინ, როდესაც, მისი თქმით, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ომში „უკვე გაიმარჯვეს“. შესაბამისი განცხადება ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა.
„გაერთიანებული სამეფო, ჩვენი ოდესღაც დიდი მოკავშირე, შესაძლოა, ყველაზე დიდიც, საბოლოოდ სერიოზულად ფიქრობს ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე. არა უშავს, პრემიერ-მინისტრო სტარმერ, ისინი აღარ გვჭირდება - მაგრამ ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში უკვე გამარჯვების შემდეგ ერთვებიან!“, - დაწერა ტრამპმა.
CNN-ის ცნობით, საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა დაგვიანებული უწოდა ამერიკელი სამხედროების მიერ რეგიონში არსებული ბრიტანული ბაზების შეზღუდულად გამოყენებაზე ნებართვის გაცემას, რათა თავიდან აეცილებინათ ირანის სარაკეტო დარტყმები.
„ჩვენ ისინი აღარ გვჭირდება, ახლა არასწორი დროა. კარგი იქნებოდა, ისინი ორი კვირის წინ რომ გვქონოდა“, - თქვა ტრამპმა.