ტრამპი: რუსეთსა და ჩინეთს აშშ-ის გარეშე ნატოსი საერთოდ არ ეშინიათ და მეეჭვება, რომ ნატო ჩვენს გვერდით იქნებოდა, თუ ის მართლა დაგვჭირდებოდა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ჩარევის გარეშე რუსეთს ახლა მთელი უკრაინა დაპყრობილი ექნებოდა.
„ჩემი ჩარევის გარეშე, რუსეთს ახლა მთელი უკრაინა ექნებოდა. გახსოვდეთ ისიც, რომ მე მარტო დავასრულე რვა ომი და ნორვეგიამ, ნატოს წევრმა, სულელურად გადაწყვიტა, არ მოეცა ჩემთვის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს! მთავარია, რომ მე მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინე“, - დაწერა მან Truth Social-ზე.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნები აიძულა, საკუთარი თავდაცვის ხარჯები გაეზარდათ.
„ისინი მშპ-ის 2%-ს ხარჯავდნენ და უმეტესობა გადასახადებს არ იხდიდა, სანამ მე არ გამოვჩნდი. აშშ სულელურად იხდიდა მათ ხარჯებს. მე, პატივისცემით, ეს მაჩვენებელი მშპ-ის 5%-მდე ავიყვანე და ისინი მაშინვე იხდიან. ყველა ამბობდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, მაგრამ შესაძლებელი იყო, რადგან, ყველაფერთან ერთად, ისინი ყველანი ჩემი მეგობრები არიან“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი აზრით, რუსეთსა და ჩინეთს ნატოსი საერთოდ არ შეეშინდებოდათ, თუ შეერთებული შტატები ალიანსის ნაწილი არ იქნებოდა. მან ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ ნატოს ქვეყნები, საჭიროების შემთხვევაში, „გვერდში დაუდგებოდნენ“ აშშ-ს.
„ყველას გაუმართლა, რომ ჩემი პირველი ვადის განმავლობაში ჩვენი არმია აღვადგინე და ამის გაკეთებას ვაგრძელებ. ჩვენ ყოველთვის ნატოსთან ვიქნებით, მაშინაც კი, თუ ისინი ჩვენს გვერდით არ იქნებიან. ერთადერთი ერი, რომლისაც ჩინეთსა და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის აშშ“, - დაწერა ტრამპმა.