ტრამპი: რუსეთის მთავარი დათმობა იქნება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და ის, რომ ისინი აღარ მიითვისებენ მეტ მიწას
უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების კონტექსტში რუსეთის მთავარი დათმობა იქნება უბრალოდ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მათი მთავარი დათმობა ის არის, რომ ისინი შეწყვეტენ ბრძოლას და აღარ მიითვისებენ მეტ მიწას“, - აღნიშნა ტრამპმა.
როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ რა ტერიტორიულ დათმობებზე შეიძლება წავიდეს უკრაინა მშვიდობიანი მოგვარებისთვის, მან უპასუხა:
„თუ დააკვირდებით, როგორ ვითარდება მოვლენები ახლა, ყველაფერი ერთი მიმართულებით მიდის. ასე რომ, ეს მიწა შეიძლება რამდენიმე თვეში რუსეთის საკუთრება გახდეს. მაშ, რა გსურთ? გსურთ ბრძოლა და კიდევ 50 000-60 000 ადამიანის დაკარგვა? თუ გსურთ ახლა რამის გაკეთება? ზოგიერთ შემთხვევაში, სიტუაცია საპირისპირო მიმართულებით მიდის. ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ; მათ ამის დასრულება სურთ“.