ტრამპი ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე: ბიბი არ მჭირდება იმისთვის, რომ ირანის ბირთვულ ობიექტზე დაზვერვის შესახებ ცნობები მივიღო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრამდე განცხადება გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება.
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ირანის Pickaxe Mountain-ის ბირთვული ობიექტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ნეთანიაჰუს დახმარება არ სჭირდება და ისრაელის ლიდერი ამ თემას მხოლოდ იმის გამო წამოსწევს, რომ „პროცესში ამერიკის ჩართულობა სურს“.
Fox News-თან საუბრისას ტრამპმა ნეთანიაჰუს მიმართ თავისი უკმაყოფილება არ დამალა.
ეს ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრაა თებერვალში ომის დაწყების შემდეგ.
„ბიბი არ მჭირდება იმისთვის, რომ რაიმე მიამბოს. ბიბი ამას იმიტომ მეუბნება, რომ ჩემი ჩართულობა სურს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა ხდება“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა, იმის გამოც, რომ ნეთანიაჰუმ მიწისქვეშა ობიექტზე ირანელების მიერ მიმდინარე მშენებლობების შესახებ საჯაროდ ისაუბრა.
„მოვისმინე, როგორ გამოაცხადა ეს ბიბიმ საჯაროდ, ვთქვი, რატომ უბრალოდ მე არ მითხარი ამის შესახებ და რატომ გახდა საჭირო ამის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადება? მე ზუსტად ვიცი, რა ხდება „პიკაქსზე“. ეს არ არის დიდი პრობლემა. ჩვენ გავანადგურეთ მათი ბირთვული ობიექტები და მოგვიწევს „პიკაქსის“ განადგურებაც, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მას ძალიან მარტივად გავანადგურებთ“, - აცხადებს ტრამპი.
ინფორმაციისთვის, „პიკაქს მაუნთინი“ (ირანში მდებარე საიდუმლო, მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი) თეირანიდან სამხრეთით 220 კილომეტრში, ნათანზის ბირთვულ კომპლექსთან ახლოს მდებარეობს.