ტრამპი: მზად ვარ რუსეთს სერიოზული სანქციები დავუწესო, თუ ნატოს წევრი ქვეყნებიც იმავეს გააკეთებენ, ასევე შეწყვეტენ რუსეთისგან ნავთობის ყიდვას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთს სერიოზული სანქციები დაუწესოს, თუკი ნატოს წევრი ქვეყნები იმავეს გააკეთებენ და ასევე შეწყვეტენ რუსეთისგან ნავთობის ყიდვას.
„მზად ვარ რუსეთს სერიოზული სანქციები დავუწესო, როდესაც ნატოს ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდება და იმავეს გააკეთებს და ნატოს ყველა წევრი შეწყვეტს რუსეთისგან ნავთობის ყიდვას. როგორც იცით, ნატოს გამარჯვების მზადყოფნა 100%-ზე ბევრად ნაკლები იყო და და ზოგიერთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა შოკის მომგვრელი გახლდათ!
ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს მოლაპარაკების პროცესში თქვენს პოზიციას და რუსეთთან მოლაპარაკების ძალას. ყოველ შემთხვევაში, მე მზად ვარ, „ვიმოქმედო“, როცა თქვენც მზად იქნებით. უბრალოდ მითხარით, როდის? მე მჯერა, რომ ეს და ასევე ნატოს მიერ ჩინეთისთვის 50%-დან 100%-მდე ტარიფების დაწესება, რომლებიც სრულად გაუქმდება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შემდეგ, დიდ დახმარებას გაუწევს ამ სასიკვდილო, მაგრამ უაზრო ომის დასრულებას. ჩინეთს ძლიერი კონტროლი და გავლენაც კი აქვს რუსეთზე და ეს ძლიერი ტარიფები ამ გავლენას დაარღვევს.
ეს არ არის ტრამპის ომი (ის არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!), ეს არის ბაიდენის და ზელენსკის ომი. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ დავეხმარო მის შეჩერებას და გადავარჩინო ათასობით რუსის და უკრაინელის სიცოცხლე (მარტო გასულ კვირას 7 118 ადამიანი დაიღუპა. ეს სიგიჟეა!). თუ ნატო გააკეთებს იმას, რასაც ვამბობ, ომი სწრაფად დასრულდება და ყველა ეს სიცოცხლე გადარჩება! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ ფლანგავთ ჩემს დროს, შეერთებული შტატების დროს, ენერგიასა და ფულს. გმადლობთ ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის!“, - აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.