Loading data...
ტრამპი ყველა სრულწლოვან ამერიკელს „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში 5 ათას აშშ დოლარს ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა სრულწლოვანი ამერიკელი 5 ათას აშშ დოლარს მიიღებს, თუ „რესპუბლიკური პარტია“ შუალედური არჩევნების შემდეგ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ეს განცხადება დონალდ ტრამპმა დალასში „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობის გახსნაზე გააკეთა.

„თუ „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ, თქვენც ჩვენთან ერთად გაიმარჯვებთ და 5 ათას დოლარს მიიღებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა „დემოკრატიულ პარტიას“ ექსტრემისტები უწოდა.

„ჩვენ ამერიკის მომავალს რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს ვერ ჩავაბარებთ. ჩვენს ქვეყანას მომდევნო ათწლეული იმისთვის დასჭირდება, რომ ფეხზე დადგეს. ხმა მიეცით „რესპუბლიკელებს“ და მთელ დანარჩენ მსოფლიოს მრავალი თაობით ჩვენ ბევრად უკან დავტოვებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სააგენტო Associated Press-მა ტრამპის ამ დაპირებას „ფინანსურად და პოლიტიკურად არარეალური“ უწოდა, რადგანაც მის შესასრულებლად 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნება საჭირო.

აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროს ცნობით, შეერთებულ შტატებში ამჟამად 240 მლნ სრულწლოვანი ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, თუ თითოეული მათგანი 5 ათას აშშ დოლარს მიიღებს, ამას 1,2 ტრილიონი დოლარი დასჭირდება.

აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. კენჭისყრის შედეგად მთლიანად თავიდან იქნება არჩეული წარმომადგენელთა პალატა და ასევე შეიცვლება სენატის მესამედი. ამჟამად „რესპუბლიკურ პარტიას“ უმრავლესობა აქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში.