ტრამპი კითხვაზე, რა უფრო მნიშვნელოვანია, გრენლანდიის მიღება თუ ნატოს შენარჩუნება, პასუხობს, რომ ეს, შეიძლება, არჩევანის საკითხი იყოს
ეს, შეიძლება, არჩევანის საკითხი იყოს, - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა The New York Times-ის შეკითხვას, როდესაც მას ჰკითხეს, რა არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, გრენლანდიის მიღება თუ ნატო-ს შენარჩუნება?
ტრამპმა შეკითხვას პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური ალიანსი არსებითად უსარგებლოა შეერთებული შტატების გარეშე. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ სჭირდება აშშ-ს გრენლანდიის ტერიტორიის ფლობა, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მას წარმატებისთვის სჭირდება.
„იმიტომ, რომ სწორედ ეს მიმაჩნია ფსიქოლოგიურად საჭიროდ წარმატებისთვის. ვფიქრობ, რომ საკუთრება გაძლევს იმას, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, როდესაც საქმე იჯარას ან ხელშეკრულებას ეხება. საკუთრება გაძლევს იმას, რასაც უბრალოდ დოკუმენტზე ხელმოწერით ვერ მიიღებ“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შონ Diddy კომბსმა მას შეწყალება სთხოვა, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. მისი თქმით, მუსიკოსმა მას წერილი მისწერა შეწყალების მოთხოვნით, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ განიხილავს.