Loading data...
ტრამპი კატარს ისრაელის დარტყმების შემდეგ ნატოს მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდა

თეთრმა სახლმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც პირობა დადო, რომ კატარს, სხვა ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი ფორმულირებით დაიცავს. ამის შესახებ Politico წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ 29 სექტემბერს ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებაში ნათქვამია, რომ თეთრი სახლი ამიერიდან კატარზე „ნებისმიერ შეიარაღებულ თავდასხმას“ „შეერთებული შტატების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ მიიჩნევს.

კატარზე ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მიიღებს „ყველა კანონიერ და აუცილებელ ზომას, მათ შორის დიპლომატიურ, ეკონომიკურ და, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ზომას, რათა დაიცვას შეერთებული შტატებისა და კატარის სახელმწიფოს ინტერესები“, - ნათქვამია ბრძანებაში.

როგორც Politico წერს, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტიის ცალმხრივად გამოცხადება ძალიან უჩვეულოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ტრამპი ადრე ალიანსის აუცილებლობასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამდა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ბრძანებას ხელი იმ დღეს მოაწერა, როდესაც თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლა და კატარის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი მოაწყო, რომლის დროსაც ისრაელის ლიდერმა ბოდიში მოიხადა გასულ თვეს დოჰაში „ჰამასის“ წარმომადგენელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებისთვის.

აშშ-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ დარტყმის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც ისრაელის თვითმფრინავები დოჰაში რაკეტების გასაშვებად აფრინდნენ, თუმცა მედიის წყაროები ირწმუნებიან, რომ ნეთანიაჰუმ ტრამპი ამ გეგმების შესახებ წინასწარ გააფრთხილა.

კატარი შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან იქ მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზა. ის ასევე შუამავლის როლს ასრულებს „ჰამასთან“ მოლაპარაკებებში.