ტრამპი ჯავშანჟილეტს არ იცვამს, რადგანაც „არ სურს, რომ 20 ფუნტით მსუქანი ჩანდეს“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ ჯავშანჟილეტის ჩაცმა არ სურს, რადგანაც ამ შემთხვევაში 20 ფუნტით მსუქანი გამოჩნდებოდა. ინფორმაციას FoxNews ავრცელებს.
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპს ჰკითხეს, განიხილება თუ არა მისი დაცვის სისტემის ცვლილება, მათ შორის შესაძლებელია თუ არა, რომ მან ჯავშანჟილეტი ეკეთოს. ჟურნალისტების თქმით, ეს შეკითხვა ტრამპის ღონისძიებებზე ბოლო დროს მომხდარ შეიარაღებულ ინციდენტებს უკავშირდება.
„არ ვიცი, ამ შემთხვევაში ხომ 20 ფუნტით უფრო მსუქანი გამოვიყურები“, - უპასუხა ტრამპმა.
ამის შემდეგ ტრამპმა საიდუმლო სამსახურის აგენტი ახსენა, რომელიც 25 აპრილს, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე მომხდარი სროლის დროს დაიჭრა.
„ის სწორედ ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა. ჟილეტმა თავისი საქმე მშვენივრად შეასრულა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტყვია საიდუმლო სამსახურის აგენტს ახლო მანძილიდან მოხვდა. მას საავადმყოფოში წასვლაც კი არ სურდა, მაგრამ ჩვენ ის ყოველი შემთხვევისთვის საავადმყოფოში მაინც გადავიყვანეთ“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ჯავშანჟილეტმა ეს ადამიანი გადაარჩინა, მაგრამ მან მაინც ძლიერი დარტყმა მიიღო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა „მაიკ ტაისონი დარტყმას“ შეადარა.
ტრამპმა თქვა, რომ მას ჯავშანჟილეტის გამოყენებაზე ადრეც ჰკითხეს, მაგრამ არ სურს ასეთი ვარიანტის განხილვა, რათა „ცუდი ელემენტების გავლენის ქვეშ“ არ მოექცეს.
Washington Hilton-ში 25 აპრილს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპს ჰკითხეს, ხომ არ აწუხებს მას კიდევ ერთი თავდასხმის საფრთხე. ტრამპმა განაცხადა, რომ ამაზე არ ფიქრობს, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საკუთარ მოვალეობას ვერ შეასრულებდა.