Loading data...
ტრამპი: ისრაელს ღაზას ომის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

„ჰამასის“ ბოლო ქმედებების გამო აშშ-სა და ისრაელის მიერ დოჰადან მომლაპარაკებლების გაწვევის შემდეგ ომის მიმდინარეობაზე კომენტირებისას ტრამპმა განაცხადა, რომ „ისრაელს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს“.

„ვიცი, რასაც გავაკეთებდი, მაგრამ არ მგონია, რომ ამის თქმა მიზანშეწონილი იყოს“, - აცხადებს ტრამპი.

ტრამპმა განმარტა, რომ როდესაც მძევლების რაოდენობა გარკვეულ რიცხვამდე შემცირდება, „ჰამასთან“ შეთანხმების დადება შეუძლებელი გახდება.

„როცა რიცხვი გარკვეულ ოდენობამდე შემცირდება, „ჰამასთან“ გარიგების მიღწევა შეუძლებელი გახდება, რადგან როგორც კი ისინი მათ გათავისუფლებენ, ეგონებათ, რომ ეს მათი დასასრული იქნება. რამდენიმე დღის წინ ჩვეულებრივი მოლაპარაკებები ჰქონდათ და უცებ გაამკაცრეს პოზიცია. არ სურთ, მძევლები დააბრუნონ, ამიტომ ისრაელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, - აღნიშნავს ტრამპი.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ღაზას სექტორს მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ბრალდებები, რომ „ჰამასი“ დახმარებას იპარავს.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა 60 მილიონი დოლარი გამოყო ღაზის სექტორისთვის ორი კვირის წინ, მაგრამ „არავინ აღიარა ეს და არც მადლობა გადაიხადა“.

„ჩვენ ბევრ ფულს, უამრავ საკვებს და ყველაფერს ვაძლევთ. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით იქ, ვფიქრობ, ხალხი შიმშილით მოკვდებოდა. ამ საკვების დიდ ნაწილს „ჰამასი“ იპარავს. თქვენ მას აგზავნით და ისინი იპარავენ. შემდეგ კი ყიდიან“, - განაცხადა ტრამპმა.