Loading data...
ტრამპი ირანზე: ისინი მირეკავენ და მეკითხებიან, როგორ დავდოთ შეთანხმება? მე ვუპასუხე, რომ ცოტა დააგვიანეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე, თეირანი ვაშინგტონს შეთანხმების მიღწევის თაობაზე დაუკავშირდა და დასძინა, რომ ნავთობთან დაკავშირებული ზეწოლის შესამცირებლად შემდგომი ქმედებები გარდაუვალია.

„ისინი მირეკავენ და მეკითხებიან, როგორ დავდოთ შეთანხმება? მე ვუპასუხე, რომ ცოტა დააგვიანეს“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში „ინტერი მაიამის“ საფეხბურთო გუნდთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ტრამპმა ირანში აშშ-ის სამხედრო მოქმედებები შეაქო და თქვა, რომ ანადგურებენ თეირანის სარაკეტო და დრონების შესაძლებლობებს, „მათი საზღვაო ფლოტი კი გაქრა - 24 გემი სამ დღეში“. ტრამპმა მოუწოდა ირანელ დიპლომატებს, ითხოვონ თავშესაფარი და ხელი შეუწყონ უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებას.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ირანელ დიპლომატებს, მოითხოვონ თავშესაფარი და დაგვეხმარონ ახალი და უკეთესი ირანის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ, ტრამპის თქმით, ნავთობის ფასი „თითქმის დასტაბილურდა“, ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლის შესამცირებლად შემდგომი ქმედებები გარდაუვალია.