Loading data...
ტრამპი: გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, თავისი დანგრეული ქვეყნის აღდგენას და ნაკლები დრო მათ საქმეებში ჩარევას, ვინც ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას ცდილობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კვლავ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე უნდა გაამახვილოს და „ნაკლები დრო დაუთმოს“ „ირანის ბირთვული საფრთხის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩარევას.

„გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას (სადაც ის სრულიად არაეფექტური იყო!), თავისი დანგრეული ქვეყნის აღდგენას, განსაკუთრებით იმიგრაციისა და ენერგეტიკის საკითხებს, და ნაკლები დრო უნდა დაუთმოს მათ საქმეებში ჩარევას, ვინც ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას ცდილობს, რითაც მსოფლიოს, მათ შორის გერმანიას, უფრო უსაფრთხო ადგილად აქცევს!“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე. 

ცნობისთვის, ტრამპსა და მერცს შორის ბოლო დღეებში ირანის ომის გამო საჯარო დავა მიმდინარეობს. კერძოდ, მერცმა გააკრიტიკა აშშ ირანთან ომში სტრატეგიის ნაკლებობის გამო და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ასევე არ გააჩნია მკაფიო სტრატეგია ირანელებთან მოლაპარაკებებისთვის. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა მთელ ამერიკელ ხალხს შეურაცხყოფს.

საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ მერცი „ფიქრობს, რომ ირანს ბირთვული იარაღის ქონა შეუძლია“ და დასძინა, რომ „მან არ იცის, რაზე საუბრობს“.

ტრამპმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ადმინისტრაცია გერმანიაში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებას განიხილავს.