ტრამპი: ევროპას შეუძლია ჩინეთზე გავლენა მოახდინოს, რათა მან რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტა აიძულოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ევროპა ჩინეთის წინააღმდეგ უფრო გადამწყვეტად იმოქმედებს, პეკინმა შესაძლოა, რუსეთი აიძულოს, უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
„ვფიქრობ, ევროპას ჩინეთის წინააღმდეგ რამე რომ მოემოქმედა, ჩინეთს, ალბათ, შეეძლო უკრაინაში ომის შეჩერება“, - განაცხადა მან Fox News-თან ინტერვიუში.
მან ასევე გაიმეორა თავისი თეზისი, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის საშინელი ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთი სძულთ.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინით „იმედგაცრუებულია“ და აღიარა, რომ, ფიქრობდა, „უკრაინაში ომის მოგვარება ყველაზე მარტივი იქნებოდა“.
„ვფიქრობდი, რომ ყველაზე მარტივი იქნებოდა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარება პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო. სწორედ ამიტომ ვარ იმედგაცრუებული“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსული დრონების პოლონეთში შეჭრასთან დაკავშირებული ინციდენტი უპილოტო საფრენ აპარატებზე კონტროლის დაკარგვით იყო გამოწვეული.
„ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ; ისინი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ; ისინი გაანადგურეს. დრონზე ყველაზე დიდი თავდასხმა მისი გათიშვაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.