ტრამპი: ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობები აშკარად აღარ არის ისეთი, როგორიც იყო
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სამწუხაროა იმის დანახვა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან ურთიერთობები ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა The Sun-თან საუბრისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, არასდროს ელოდა, რომ ოდესღაც „ყველაზე მყარი“ ურთიერთობები ასე შეიცვლებოდა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე იერიშების დროს გაერთიანებული სამეფოსგან მეტ მხარდაჭერას ელოდა და ვერ წარმოიდგენდა, დიდი ბრიტანეთისგან ოდესმე თუ მიიღებდა მსგავს კრიტიკას.
„ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ჩვენი ურთიერთობა აშკარად ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. სტარმერი უნდა დაგვხმარებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ საფრანგეთმა უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატა აშშ-ის მიმართ, ვიდრე ბრიტანეთმა, რასაც ლონდონისგან არ ელოდა.
„მე ვგულისხმობ, რომ საფრანგეთი შესანიშნავი იყო. ყველა მათგანი შესანიშნავი იყო. დიდი ბრიტანეთი ძალიან განსხვავდებოდა სხვებისგან“, - დასძინა ამერიკელმა ლიდერმა.